2011-11-17

ჩემ სამსახურში არაა ამის ადგილი

საქართველო ხშირადაა ჩემი ჩანაწერების ინსპირაციის წყარო. ისიამოვნეთ (შეძლებისდაგვარად) ნაწარმოები და მოიწერეთ თქვენი კომენტარები.




ჩემ სამსახურში არაა ამის ადგილი

გამოგიტყდებით, ჟურნალისტიკას რომ ვსწავლობდი, არ ვიფიქრებდი რომ ჩემი ნაწერები სავსე იქნებოდა სხვების აზრებით. 


ომების და კრიზისების დროს ჩვენც ძაან გაგვიჭირდა და ოჯახის სარჩენად ჩემი მშობლები რაღაცნაირად ლილოს ბაზრობაზე აღმოჩნდნენ. დედ-მამას მე და ჩემი ძმა ვეხმარებოდით. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიღწევაზე არ მიოცნებია, რეალობის ალტერნატივებს მაინც არ ვეძებდი. ცხოვრება არის ის, რაც არის. მორბის, როგორც ბარათაშვილის არაგვი, და ცდილობ დინებას მიყვე, იმიტომ რომ სხვა მცდელობებით გამარჯვების შანსი არ არის. ...სიმართლე კი ისაა, რომ საიდუმლოდ მქონდა წარმატების და ცვლილებების იმედი. მიუხედავად იმისა, რომ კონკია ერთადერთი იყო, ვისაც გაუმართლა, მჯეროდა, რომ ბოლოს ყველას უმართლებს. დედაჩემიც ხშირად ამბობდა, რომ მის შრომას და წვალებას ქონდა აზრი "თუ მარის მაინც გაუმართლებს, დედა ენაცვალოს, სწავლაში." მშობლებს მხოლოდ ერთ-ერთი ჩვენგანის სწავლის დაფინანსება შეეძლოთ და ის ერთი ჩემი ძმისთვისაც მე ვიყავი. პრინციპში, აქ ჯადოსნურ კომბინაციას ქონდა ადგილი: 1. კარგი ძმა მყავს 2. დიდი ხანი ალერგია ქონდა საწერ ან საკითხ ქაღალდზე. "ცდა ბედის მონახევრეაო" ამბობენ, ხოდა ავდექი და ჟურნალისტიკაზე საბუთები შვიტანე.

სახელმწიფო გამოცდები ძალიან რთული აღმოჩნდა...ზოგისთვის. ჩემს უკან რიგში გოგონას ზედამხედველი რვეულით ხელში ედგა გვერდით და სიტყვა-სიტყვით კარნახობდა ყველაფერს. შემეცოდა, ამდენი ინფორმაციით საკმაოდ შეღენებული ჩანდა სტუდენტობის კანდიდატი. მეც მქონდა რაღაც ფურცლები თან, მაგრამ, არ ვიცი, რატომღაცმ არ გამოვიყენე და მშვენივრადაც ჩავიჭერი. მეგონა, რომ სამყარო დაიმხო და წლები ტრავმატირებული ვიქნებოდი, მაგრამ ცხოვრებას რაღაც ძალიან სწრაფი ტემპი ქონდა აღებული და როგორღაც იმავე წელს რომელიღაც კერძო სასწავლებელში აღმოვჩნდი.

- ძვირია - ვთქვი.
- რამეს მოვიფიქრებთ. - დამაიმედა დედამ და ყოველი სემესტრისთვის მართლაც ვფიქრობდით.

სწავლა დავიწყე და დავამთავრე. თუმცა ბევრი არაფერი შეცვლილა ჩემს ცხოვრებაში. მაგიური გარდატეხა, რომელსაც ყველანი ასე უთქმელად ველოდით, უბრალოდ არ მოხდა და ისევ ლილოში ვსაქმიანობდი.


***
- მარი სად ხარ?
- ნინო, როგორ ხარ? როგორ გამახარე!

ნინო ჩემი ბავშვობის მეგობარია. ბაღიდან მოყოლებული თითქმის სულ ერთად ვიყავით. ბაბუამისს ხშირად მივყავდით ეზოში სათამაშოდ და ასევე ხშირად გვისმევდა აუარება კითხვებს: სად აპირებთ სწავლას? რა გინდათ გამოხვიდეთ? რას ფიქრობთ მომავალზე? რაა საჭირო ბედნიერებისთვის? ვინ არიან თქვენი ყველაზე კარგი მეგობრები? ჩვენც თავდაჯერებულები სხაპასხუპით ვპასუხობდით ყველა კითხვაზე, თითქოს ყველაფერი უკვე კარგად ვიცოდით. 

ნინომ სასწავლებლის შემდეგ დანიაში წასვლა დააპირა. გაცილების საღამო ფანტასტიური იყო. მისმა ბიძაშვილმა გუნდი "რუსთავი"-ს წევრები მოიყვანა და ქართული ცეკვა-სიმღერებით გავიგიჟეთ თავი. თან, რა თქმა უნდა, იმაზეც ვსაუბრობდით, თუ რა კარგი რამეები ელოდა ნინოს იქ. თუმცა სევდა ახლდა ყველაფერს. სევდას კი ნამდვილი განსახიერება ქონდა სავარძელში უხმოდ მჯდომი ბაბუას სახით. 

- თბილისში ვარ, გუშინ ჩამოვედი. ყველა 6-ზე დავპატიჟე, შენ ცოტა ადრე გამოდი, 2-ზე? ვიჭორაოთ ჩვენთვის ცნობისმოყვარეების თავდასხმამდე. ჩემებმა ყველა ბიცოლა დამიპატიჟეს. - ხითხითებდა ნინო. - რამდენი რამე მაქვს მოსაყოლი.
ხვალ ლილოში ახალ ნივთებს ვიღებთ. მოხმარება დაჭირდებათ მშობლებს და ვიცი ვერ მოვიცლი. 
- 5-ისთვის მანდ ვიქნები, დილით რაღაც სხვა საქმე მაქვს. როგორ მენატრები!
- მეც. კარგი. გელოდები და არ დაიგვიანო!
- ხვალამდე!


***
იმ დღეს ნინომ ჩემი გაფერმკრთალებული იმედები გააფერადა ჯერ მარტო თავისი ოპტიმიზმით და ხალისით, მერე სიახლით, რომ დედამისმა სამუშაო ადგილი გვიპოვა ორივეს რაღაც ახალ გაზეთში.

- რა?! - გავიოცე, გულში კი ამას მოყვა 'ვაშააააააა' და მერე სრული ვერსია: 'მრავალჟამიერი'. ე.ი. ჩემი შრომა წყალში არ ჩაიყრება, ე.ი. ჩემი მშობლები ჩემით იამაყებენ, ე.ი. ოჯახს შევეშველები, ე.ი. ყველაფერი უკეთ იქნება. მე და ნინო ერთმანეთს სიხარულით რამდენჯერ გადავეხვიეთ, ვიმღერეთ, ვიცინეთ, და ყველა დანარჩენის დახმარებით მგონი მთელი სამეზობლოც ავაზანზარეთ.

იმედებით და აღტაცებით დავიწყეთ სამუშაო კუთხის გაფორმება. ჩემი კაქტუსი ფანჯარასთან, ქართლის დედიანი თიხის თეფში კედელზე, უზარმაზარი კალენდარი მაგიდაზე. ნინოს ღიმილიანი საათი კედელზე, სხვადასხვა ქალაქებში გადარებული სურათები დაფაზე (ს.შ. ყველაში ერთნაირად იღრიჭება, ნეტა როგორ ახერხებს?), საბეჭდი მანქანის სურათი კედელზე გიგანტური წარწერით "Journalist, who doesn't believe in freedom of speach is like a prist who doesn't believe in God." მერე შესვენებაზე ლამაზი ჩაის ჭიქები ვიყიდეთ ყავისათვის და სია შევადგინეთ სათაურით "კიდე რა სჭირდება კარგ ჟურნალისტს, როგორც კი პირველ ხელფასს აიღებს". ჩემი კუთხის მოწყობას მოვრჩი, ნინო კი ჯერ კიდევ უტრიალებდა თავის ახალ სამყაროს. როგორც იქნა: "ეხლა მზად ვარ სიახლეებისთვის. რაო ბატონო? წუნა გაიტაცეს?" - თვალი ჩამიკრა და მიუბრუნდა პირველ დავალებას.

კარგა ხანს ყველაფერი კარგად მიდიოდა. სამსახური გვღლიდა, მაგრამ ვის არ ღლის? სამაგიეროდ ერთად ყოფნა გვახალისებდა. ან მზე ანათებდა, ან ნინოს ახლად შეღებილი თმები, ან ჩემი, ლილოს ბაზრობის ანეგდოტები. სამსახური სხვანაირი წარმომედგინა. ჟურნალისტობა სინამდვილეში სხვანაირი ყოფილა. თემების მოფიქრებაში უფროსი გვეხმარებოდა და ასევე თემის გაშლის კუთხესაც ის გვითითებდა. ცოტა მიჭირდა წერა. მოტივაცია ისეთი არ მქონდა, როგორიც მეგონა მექნებოდა. "არაუშავს მივეჩვევი", ვამბობდი. შეკვეთილმა თემებმა დროში იმატა, და იმედები შესაბამისად განიცდიდნენ ინფლაციას. დღე დღეზე ველოდი ელვას. და იელვა კიდეც. 

მარტში მკითხავებთან გასაუბრება დაგვავალეს მეცმინდაშვილის ბედთან დაკავშირებით. წინასწარმეტყველებაზე წერა მალე დავასრულეთ. ძალიან სასაცილო კი იყო, მაგრამ არცერთს არ გვეცინებოდა. მთელი დღე თითქმის უხმოდ ვიმუშავეთ. ავტობუსშიც ჩუმად ვიჯექით. ნინოს წითელი ბენდენა ქონდა თავზე თავსაფრად გაკრული. სიჩუმესთან ერთად, მისი დახვეული თმები კიდევ უფრო მაბნევდნენ. არ ვიცოდი უცნაური დუმილი როგორ დამერღვია და ხელში გაზეთში გახვეულ ყვავილებს ვათამაშებდი. დაკვირვებიხართ რა კარგადაა გაზეთის ყველა ცარიელ კუთხეში ამბები კომპაქტურად განთავსებული? რამდენიმე ფრაზა ამოვიკითხე: "უშიშროების მინისტრმა 8 მარტი მიულოცა ახალ, ევრო სტანდარტებით აგებულ ციხეში მყოფ ქალბატონებს", "კანდიდატის ინტერვიუმ ხალხში დიდი სიმპათია გამოიწვია. "გადავირიე, როგორ ყვარებია თავისი შვილი!" განაცხადა მიშველაშვილმა." აშკარად ვერცერთმა ამბავმა დამავიწყა, რომ ნინო ძალიან ცუდად გამოიყურება, აშკარად რაღაც სჭირს და თვალებით ამოწვავს ფანჯრებს ეხლა თუ რამე არ ვუთხარი.

- ნინ, რა გჭირს? ცუდად ხარ?
ნინომ ჯერ მშვიდად მოაბრუნა თავი და მერე მთელი ავტობუსის გასაგონად დაიწყო: 
- არა, ჩანაწერის გამზადების შემდეგ რა თქმა უნდა ახლა ფანტასტიურად ვგრძნობ თავს! ექსპერტების მაგივრად ხან 'წინასწარმეტყველებს' და ხან 'წმინდანებს' ვესაუბრებით, ხალხის ინფორმირების მაგივრად, მათ დეზინფორმირებას ვუწყობთ ხელს, ჩვენი იდეების მაგივრად ვიღაცის ხარხარით დადორბლილ სტრატეგიებში ვებმებით და ვაბავთ სხვებს ... მარი შენ რას ფიქრობ ამაზე? რას ფიქრობთ ხალხნო ამაზე?
- ნინო, სირცხვილია. დაწყნარდი!
- ჰმ, ჩვენი სირცხვილი ყოველდღე გაზეთში ქვეყნდება. გიფიქრია ამაზე? - მომაძახა და გაჩერებაზე აცრემლებული ჩავიდა.
სანამ მოვიფიქრებდი რა მექნა და საერთოდ რა მოხდა, ავტობუსი დაიძრა. მგონი პასუხი არც მქონდა და ...კითხვაც ვერ გავიგე.


***
მეორე დღეს ნინო სამსახურში არ მოვიდა. უფროსმა ისე დაიქუხა და მიიჯახუნა ოფისის კარები, ჩემი მეზობლის, დარეჯანის გაპარვის ამბები გამახსენდა.  სამსახურის მერე ბევრი ვეცადე, მაგრამ ნინო ტელეფონს არ პასუხობდა. მივწერე: "Nin, sad xar, gexvewebi gadmoreke :* :(" და მაინც არაფერი. შემდეგ დილით უფროსმა სამუშაო ადგილი ნინოს პირადი ნივთებისგან გაანთავისუფლა და  ყველაფერი მე გადმომცა, საბეჭდი მანქანის სურათის ჩათვლით. იმ დღეს ნინომ კარები არ გამიღო. ვიცი, ცუდად იყო, მაგრამ მაინც მეწყინა რომ ასე ამჯობინა. მერე ჩემსკენაც ბევრი რამე მოხდა და ვეღარ მოვიცალე. ჩემები ავარიაში მოყვნენ, ვიღაცა ნასვამი იჯდა თურმე საჭესთან. ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რომ გადარჩნენ. დიდხანს მოვლა დაჭირდათ, განსაკუთრებით დედაჩემს. მერე სამსახურის საახალწლო ქეიფზე უფროსის ძმის შვილი გავიცანი. 6 თვის თავზე დავქორწინდით. ნინო კი ვნახე იმის მერე რამდენჯერმე, მაგრამ ორივემ თემა მივჩქმალეთ. თან არც ქორწილზე და არც საავადმყოფოში ამაზე საუბარი თავისთავად არ გამოდიოდა. მერე კი წლები გავიდა ისე, რომ ვეღარც კი ვნახე. სამსახურში ყველაფერი ისევ ისეა. ვცდილობ ჩემ ნაწერებთან დისტანცირებას და მგონი კარგად გამომდის. კითხულობს ვინმე? ...აჰ, ვცდილობ ცხოვრებას მოვერგო, ისეთს როგორიცაა. ნეტა ნინო როგორაა და როდესღაც ჩვენი საერთო იდეალებით ცხოვრებას თუ ახერხებს.

- მარი, გესმის? რა ვუყოთ ამხელა სურათს? - გამაწყვეტია ფიქრი მეუღლემ. ჩემი დავითი ერთ კვირაში სკოლაში მიდის და მთელ სახლს ვალაგებთ. - აქ ბევრი ადგილი არაა, სამსახურში რო წაიღო? - მიმითითა ნინოს ციტატის უზარმაზარ სურათზე.

- ჩემ სამსახურში არაა ამის ადგილი.

2 კომენტარები:

Keti said...

კარგია, ხატია და მიხარია, რომ გაგვიზიარე! :)
ასეთი ჟურნალისტები რომ ბევრი გვყავდეს, კარგი იქნებოდა.

Khatia Caroline said...

მადლობა ქეთი! რამდენიმე რამ დასახვეწია, მაგრამ მინდოდა გამომექვეყნებინა სხვადასხვა მიზეზების გამო და გზადაგზა ჩავასწორებ, როცა მოვიცლი. თუ რამე შენც შენიშნო, გამიზიარე. მეც მაქვს დაახლოებით 8მდე ადგილი შენიშნული... :)

LinkWithin

Related Posts with Thumbnails