მე ძალიან კარგი მაგალითი ვარ იმის, როგორ უთავბოლოდ შეიძლება კარიერა განვითარდეს. ა წერტილიდან ბ-მდე ბევრი გზები არსებობს. ეფექტურობა და პროდუქტიულობა არის მნიშვნელოვანი.
კარიერის დაგეგმვა შეგიძლია უკვე სკოლაში დაიწყო, მაგრამ ის აუცილებლად იწყება უნივერსიტეტში/კოლეჯში/ტექ. სასწავლებელში მოხვედრამდე.
ყველას გვახსოვს ალბათ ნათესავი ან მეზობელი ბავშვის გულუბრყვილო ოცნება "მე მინდა პოლიციელი გამოვიდე". სამწუხაროდ, ხშირად რა პროფესიას დავეუფლოთ და სად დავიწყოთ კარიერის შენება, ამ გულუბრყვილო ფაზას ვერ ცდება.
პრობლემა გამოუცდელობაა. არა მარტო მოსწავლეების გამოუცდელობა, არამედ მშობლების და გარშემომყოფთა. ხშირად უნივერსიტეტებს სტუდენტები ისე ამთავრებენ, არც კი იციან სად და რად შეუძლიათ რომ იმუშაონ. ეს, გეგმის გარეშე მოქმედება, ჩვენი ოჯახებისათვის და ქვეყნისათვის არსებული მცირე რესურსების უაზროდ დახარჯვით შეიძლება დამთავრდეს.
სამწუხაროდ არ არსებობს მომავალი სტუდენტების მრჩეველთა ინსტიტუტი. ჩემი წარმოდგენით, ასეთი (სკოლისგან დამოუკიდებელი) მრჩევლები სკოლაშივე უნდა არსებობდნენ 10-11 კლასელებისათვის (ისე, ხანდახან ისეთ პროფესიონალიზმს გადააწყდები, ჯობია, რომ საერთოდ არ არსებობდეს დაწესებულება/ინსტიტუტი). ის მოსწავლეების სკოლის ბოლო წლის განმავლობაში მათ მომავალი კარიერის დაგეგმვაში მიეხმარებათ სხვადასხვა სემინარებით, რომლებსაც სტუდენტები ინტერესის შემთხვევაში დაესწრებიან (მაგალითად, სემინარი საქართველოში მცირე ბიზნესზე, შესავალი შრომის სამართალში, სტატისტიკური მონაცემები (ცოტა დეპრესიისათვის ;) ) სხვადასხვა პროფესიებზე, პროფესიაში საშუალო ხელფასზე და ა.შ.
კი, რა თქმა უნდა შეუძლიათ ერთ 10 წელში ეს ყველაფერი თავისი გამოცდილებით ისწავლონ, მაგრამ მომგებიანი იქნება საქართველოსთვის, თუ ახალგაზრდები თავიანთ მიზნებს ადრევე სწორად დაისახავენ. პროდუქტიული იქნება, თუ იმ მცირე რესურსებით, რაც გვაქვს, მეტი წარმატებული პროფესიონალი გვეყოლება.

0 კომენტარები:
Post a Comment